NI UNA MENOS
3 პრობლემა ფემიციდის გაშუქებაში
ნესტან რატიანი
ის, ვინც აკონტროლებს მედიას, აკონტროლებს ადამიანების გონებასაც.
— ჯიმ მორისონი

მასიური მედია სწრაფად ვითარდება, იზრდება კონკურენციაც. მას მეოთხე ხელისუფლების სახელითაც ვიცნობთ, რადგან მედიაზე დიდი გავლენა არცერთ სხვა ინსტიტუტს აქვს. ერთ ჟურნალისტს, იმის მიხედვით თუ გაშუქების რა ფორმას აირჩევს, შეუძლია საკითხზე წარმოდგენა შეუცვალოს ათასობით მაყურებელს.


სწორედ ამიტომ, მკვლელობების გაშუქება აუცილებელი, თუმცა საფრთხილოა. ამ გზით საზოგადოებას ეძლევა საშუალება, გააცნობიეროს მოსალოდნელი საფრთხეები, და დანაშაულზე ინფორმაციის ქონა არის ბერკეტი, რითაც ხალხს შეუძლია აკონტროლოს გამოძიების მუშაობა.


ინფორმაცია განუსაზღვრელ წრეში მყოფ ადამიანებს ეხება და მას ინტერპრეტაციას ყველა თავისებურად უკეთებს. შესაბამისად, რაც უფრო იზრდება აუდიტორია, მით უფრო მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მართებთ ინფორმაციის გამავრცელებლებს.




ტერმინები, როგორიცაა “ფემინიზმი”, “ფემიციდი’’, “ქალთა მიმართ ძალადობა’’, საზოგადოებაში აგრესიას იწვევს და ნაწილი იმის მტკიცებაზე გადადის, რომ არ არის აუცილებელი გენდერის მიხედვით გამოვარჩიოთ დანაშაულები და რომ ყველანაირი ძალადობა დაუშვებელია. ყველანაირი ძალადობა მართლაც დაუშვებელია და სწორედ მის აღმოსაფხვრელად იყოფა ისინი სხვადასხვა, 28 კატეგორიად მოტივების მიხედვით. ინტიმურ პარტნიორებს შორის, კაცების მიერ ქალთა მკვლელობა იმდენად ხშირი შემთხვევაა, რომ გამოიკვეთა მკვლელობის ცელკეული ტიპი: ფემიციდი.

ფემიციდი
ტერმინი ფემიციდი იშიფრება, როგორც ქალების გამიზნული მკვლელობა, მათი სქესის გამო და ამ ტიპის დანაშაულსაც, ისევე როგორც სუიციდს, ახასიათებს ტალღის შექმნა. სუიციდის შემთხვევაში არსებობს “ვერტერის ეფექტი”. მე-18 საუკუნეში გამოქვეყნებულ იოჰან გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანმა” იმხელა გავლენია იქონია ადამიანებზე, რომ მას მოჰყვა თვითმკვლელობების მთელი სერია. ფემიციდის შემთხვევაში საშიშია, მედიამ უნებურად არ გააღრმავოს დაუსჯელობის სინდრომი, რაც ნიშნავს, რომ პოტენციური მოძალადეები ვერ ხედავენ საფრთხეს, რომელიც დანაშაულის ჩადენას შეიძლება მოჰყვეს და ქალზე ძალადობა ჩათვალონ ნორმად ან გამართლებულად. სწორედ ამიტომ, საჭიროა ჟურნალისტებმა გააშუქონ არა უბრალოდ ის, თუ როგორ მოხდა მკვლელობა, არამედ – სასამართლოში დამდგარი შედეგი და დამნაშავის დასჯაც.
მედიის ვალია, ადამიანების ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. რამდენადაც დიდია მისი მნიშვნელობა დემოკრატიულ ცივილიზაციაში, იმდენად დიდი საფრთხის შექმნა შეუძლია მას.

პროექტზე:
მედიაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა 3 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ფემიციდის გაშუქებისას გვხვდება

პრობლემა #1
მკვლელობის მიზეზის ძიება
სიუჟეტების ყურებისას, ყველაზე ხშირად რეპორტიორის მიერ, მკვლელობის მოტივის ძიებას შევხვდებით. როგორც უკვე ვახსენე, ინტიმურ პარტნიორებს შორის მკვლელობა ერთ კატეგორიაში უკვე მოქცეულია და მისი მიზეზიც ერთადერთია - საზოგადოების მიერ ქალების, როგორც მათ მიერ დაქვემდებარებულ ობიექტებად აღქმა
იმაზე ორიენტირებით , რომ შესაძლებელია არსებობდეს მიზეზი, რამაც მკვლელი გააღიზიანა, პასუხისმგებლობა გადაგვაქვს მსხვერპლზე. ასევე იკარგება მთავარი მესიჯიც, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს და ქალებიც, ისევე როგორც კაცები, უფლებამოსილნი არიან საკუთარი ცხოვრება განკარგონ იმ შიშის გარეშე, რომ მათ ვინმე კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის დასჯის.

მედიამ ფემიციდი ისე უნდა გააშუქოს, რომ მაყურებელს არ გაუჩნდეს მსხვერპლის დადანაშაულების სურვილი. პატრიარქალურ საზოგადოებაში კი, ქალის გასამტყუნებლად ისეთი უწყინარი ფრაზაც, როგორცაა ''ეჭვიანობის ნიადაგზე" უკვე საკმარისია. შესაბამისად, სიუჟეტი უნდა შედგებოდეს მშრალი ფაქტებით და კონცენტრირებული უნდა იყოს იმის ჩვენებაზე, თუ როგორ ისჯება დანაშაულის ჩამდენი.
პრობლემა #2
არარელევანტური წყაროები
ჟურნალისტები ინფორმაციის მოსაპოვებლად მეზობლებს მიმართავენ და სიუჟეტს მათი კომენტარებით ავსებენ. თავისთავად ლეგიტიმურია მათგან ამბის გაგება, თუმცა ხშირად, მეზობლები არ ფლობენ საჭირო ინფორმაციას და მსხვერპლის ან მკვლელობაში ბრალდებულის დახასიათებით კავდებიან, რაც მაყურებლისვთის არაფრისმომცემია და პირიქით, ცრუ სურათის შექმნაც შეუძლია. ჟურნალისტები უნდა ავრცელებდნენ სიმართლეს, ხოლო მეზობლებისგან მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება თითქმის შეუძლებელია.
მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების გამოკითხვაც მიღებული პრაქტიკაა. ეგრეთ წოდებული „მეორე მხარის“ ჩვენებით ჟურნალისტები არღვევენ მსხვერპლის უფლებას და უხეშად იჭრებიან მის პირად სივრცეში. ბრალდებულის ოჯახის წევრები დაუკითხავად ყვებიან მსხვერპლის პირად ცხოვრებაზე და ამით ცდილობენ მის დადანაშაულებას და მკვლელობის ნორმალიზებას. მედია ამით ავალდებულებს მსხვერპლის ოჯახს, მათაც ითანამშრომლონ ჟურნალისტებთან და დაიცვან თავიანთი პოზიცია. მაყურებელი კი ეცნობა უამრავ უმნიშვნელო დეტალს, მთავარი სათქმელი კი უკანა ფლანგზე გადადის.
პრობლემა #3
განსაკუთრებული სისასტიკის ჩვენება
რაც უფრო სენსაციურია სიუჟეტი, მით უფრო დიდი რეიტინგი აქვს მას. მაღალი რეიტინგი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტელევიზიებისთვის. სწორედ ამიტომ, მკვლელობის გაშუქებისას შევხვდებით დაწვრილებით მოყოლილ ამბავს და ზოგ შემთხვევაში სისხლიან კადრებსაც. მსგავსი დეტალები საქმისთვის უმნიშვნელოა და შეუძლია, უარყოფითი გავლენაც იქონიოს მაყურებელზე.
უპირველესად, გავრცელებული ინფორმაცია მიდის უამრავი ადამიანის ყურამდე, რომლებიდანაც ზოგიერთი, პოტენციური მოძალადეა. სისასტიკის მოსმენა ან ყურება, ზრდის აგრესიას და ზოგ შემთხვევაში შეიძლება, ფატალური შედეგიც მივიღოთ. შეუბრალებლობის ხშირი მოსმენა კი საზოგადოებაში მას, როგორც ნორმას, ისე დაამკვიდრებს და შედეგად, მაყურებელი მას დიდ პრობლემად აღარ აღიქვამს. მხოლოდ მკვლელობის იარაღის დასახელება საკმარისია მომხდარის აღსაწერად.
მედია ექსპერტი - ნინია კაკაბაძე
იურისტი - თამარა გურჩიანი
მედიამ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია და იზრუნოს, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას ისეთი საფრთხილო თემების გაშუქებისას, როგორიც ფემიციდია. მაშინ, როდესაც ადამიანებს ყოველდღე უწევთ თავისუფლებისთვის ბრძოლა , თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო - მედია - არ უნდა დადგეს ძალადობისა და ჩაგვრის მხარს, არ უნდა ჩააგდოს ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში, რათა, აღარ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ლათინო-ამერიკელები იტყვიან, NI UNA MENOS - არცერთი ქალის გარეშე.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website